საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამიტის Basecamp მონაწილეების წინაშე წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"35 წლის ვიყავი, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. ჩვენი მთავრობის გუნდში კი იყვნენ 20-30 წლამდე მინისტრები. საქართველოს მაშინ ძნელად თუ უწოდებდი ქვეყანას. სკოლის მოსწავლეთა მთელ თაობას, ვარდების რევოლუციამდე 10-11 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ელექტროენერგია და გათბობა, აღარაფერს ვამბობ განათლების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ეს იყო ქვეყანა, სადაც კორუფცია იყო ცხოვრების წესი. რამდენიმე წლის წინათ ჩემს ასისტენტთან ერთად 2003 წლის კადრებს გადავავლეთ თვალი. ორივემ ერთმანეთს შევხედეთ, ყველაფერი მუქ ფერებში გამოიყურებოდა, თითქოს ტელევიზიის შავ-თეთრი კადრებს ვუყურებდით. ასეთი ქაოსი გვერგო მემკვიდრეობით. თუმცა პირველივე წუთიდან ვიცოდით, რომ დრო არ გვქონდა, საიდანღაც უნდა დაგვეწყო და ძალიან სწრაფად გვემოქმედა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ახლა კი „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის" მიხედვით, კორუფიის წინააღმდეგ მებრძოლი ნომერ პირველი ქვეყანაა.
"არც ერთ ქვეყანას 5 წლის განმავლობაში არ მიუღწევია ისეთი წარმატებისთვის, როგორსაც საქართველომ მიაღწია. საქართველოში ევროკავშირის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა დანაშაულის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, ჩვენ ამ კატეგორიაში 147-ე ადგილი გვეკავა, მაგრამ ახლა, ბიზნესის კეთების სიმარტივით, მე-12 ადგილზე ვართ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობის დასადგენად „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალზე" დაყრდნობით, კვლევა კანადურმა ცენტრმა ჩაატარა და მსოფლიო მასშტაბით, ახალი ზელანდიის შემდეგ, საქართველოს ყველაზე ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველომ ურთულესი პერიოდი გავიარეთ, იყო დესტაბილიზაციის უამრავი მცდელობა.
"2008 წელს გადავიტანეთ ომი, რასაც წინ უძღოდა მრავალწლიანი პრვოვოკაციები, ენერგეტიკული და ეკონომიკური ემბარგო - ერთ კვირაში საექსპორტო ბაზრის 60 პროცენტი დავკარგეთ. შემოიჭრა რუსეთის რეჟიმი და მას დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი. მათ საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს ნახევარი მილიონი ადამიანი. კრიზისული წლების მიუხედავად, თუკი წელს ყველაფერი კარგად იქნება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ ორციფრიან ნიშნულზე ავა. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, რადგან მოლოდინი დიდია. ჩვენი მაგალითიდან ჩანს, რომ შეიძლება უიმედო სიტუაციიდანაც გამოხვიდე და ფეხზე დადგე", - განაცხადა სააკაშვილმა.