როდესაც შენი არსებობა საფრთხის წინაშეა - ასეთი საფრთხე დღეს ჩვენი დიდი მეზობლის მხრიდან მოდის, არ უნდა იყვირო, რომ დაგიპყრეს, პირიქით ეს არის დრო, როდესაც უნდა იმოქმედო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Basecamp-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ვფიქრობ, ნამდვილი რევოლუცია არ იწყება მაშინ, როდესაც მიდიხარ პარლამენტში და იწყებ ყვირილს, არც მაშინ, როდესაც იმის საშიშროების წინაშე დგახარ, რომ გესვრიან. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც CNN-ის კამერები ტოვებენ ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, გამოუცდელები, იდეალისტები, განათლებულები... მახსოვს, უცხოელი ჟურნალისტები ყოველივე ამას „ოუშენის 11 მეგობარს" ადარებდნენ. მათ სწრაფად უნდა გაეკეთებინათ საქმე, უნდა გაერისკათ. პოლიტიკაში, ძირითადად, ასეა - თუ რისკს არ პასუხობ, მოცდა მოგიწევს. ჩამოყალიბებულ და წარმატებულ საზოგადოებაშიც კი მიდიან რისკზე. პოლიტიკოსებისთვის სხვა გზა არ არსებობს თუკი ქვეყნის წინსვლის სურვილი აქვთ. მეორე საკითხი - არ უნდა გაეკიდო პოპულარობას. ეს კარგია, მაგრამ თუ მხოლოდ სახელის მოხვეჭას ცდილობ, დაკარგული ხარ, რადგან პოპულარობა არის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც გონივრულად უნდა დახარჯო", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დიდი რამაა, როდესაც აშენებ დემოკრატიას და ქვეყნისკენ იარაღი აქვთ დამიზნებული.
"ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ დადო ფიცი, რომ სხეულის ერთი ნაწილით ჩამომკიდებდა. არ არის კარგი, როდესაც ასეთი ფრაზებით ლაპარაკობენ. არც ის არის კარგი, რომ ასი ათასობით დევნილი ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ის მათ აღარ ეკუთვნის. მაგრამ ახლა, მოსკოვში რუსეთის მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში და ამბობენ, რომ სურთ რუსეთი, რომელშიც ქართული რეფორმები განხორციელდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.