"დემოკრატიული მოძრაობა" აქციის მონაწილეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც პარტიის მთავარი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "დემოკრატიული მოძრაობა" აპროტესტებს სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"28 იანვარს, მაშინ, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქციას მართავდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით და აყენებდა კანონიერ მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ძალოვანმა უწყებებმა პრაქტიკულად მობილიზაცია გამოაცხადეს და აქციის მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდის დასაკავებლად პარლამენტის წინ პატრულის ათეულობით თანამშრომშრომელი მივიდა, აქცია დაშალა და მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი მაინც დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც აქციის ორგანიზატორების თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავს ეძღვნებოდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ორჯელ სცადეს, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის - წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, და 173-ე მუხლის - პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა - დარღვევა. მუხლები ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.