რიგის სასამართლომ ავიაკომპანია airBaltic-ის 47,2% Baltic Aviation Systems (BAS) -ის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა. ინფორმაციას ლატვიური გამოცემა Dienas Bizness ავრცელებს.
2011 წლის შემოდგომაზე ლატვიის მთავრობა ავიაკომპანიის 52,6%-ის მფლობელი იყო. ნოემბრის ბოლოს დამატებით BAS-ის კუთვნილი 47,2%-ის მფლობელიც გახდა.
BAS-ის კუთვნილი აქციები დაგირავებული იყო ლიტვური ბანკი Snoras შვილობილ Latvijas Krajbanka-ში, რომელიც ლიტვური ბანკის ნაციონალიზაციის შემდეგ გაკოტრებულად გამოცხადდა. ლიტვური ბანკის ნაციონალიზაცია მისი მფობელების უკანონო ქმედებების შედეგად იქნა განხორციელებული.
გაკოტრებამდე Latvijas Krajbanka-მ დაგირავებული აქციების გამოსყიდვა ავიაკომპანიის უმსხვილეს აქციონერს ლატვიის მთავრობას შესთავაზა, რის გამოც BAS-მა საკუთრების მითვისების ბრალდებით საქმე აღძრა, დარჩენილი წილის დაყადაღების მოთხოვნით. BAS-ის გადაწყვეტილება იმითაც იყო გამოწვეული, რომ გავრცელდა ინფორმაცია ავიაკომპანია airBaltic-ის ჩინური Hainan Airlines-თვის მიყიდვის შესახებ.
ლატვიის მთავრობას თავის მხრივ BAS-ის გაკოტრების მოთხოვნით საქმე აქვს აღძრული. ლატვიის მთავრობას და airBaltic-ის მფლობელ BAS-ს შორის კონფლიქტი მას შემდეგ განვითარდა რაც BAS-ის აქციონერმა გერმანელმა ბიზნესმენმა ლატვიის მტავრობას ავიაკომპანიის 100 მლნ. ევროს დაფინანსებით მიმართა, ლატვიის მთავრობამ კი ავიაკომპანიის შემოწმება დაიწყო.