ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში VIII საუკუნის ნაეკლესიარს აღადგენენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი პროექტის "ქობულეთის სამების" ავტორმა, არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, ეკლესიის მშენებლობის ყველა საორგანიზაციო საკითხი ადგილობრივ სამშვდელოებასთან შეთანხმების შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან განიხილება. შეხვედრა თებერვლის დასაწყისში იგეგმება.
"2012 წლის პირველ ნახევარში, ქვედა სამებაში მომზადდება ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება, საინიციატივო ჯგუფის დაფუძნება, მშენებარე ეკლესიის მაკეტის შეთანხმება და მშენებლობის დაწყებისთვის ეპარქიისგან ლოცვა-კურთხევის მიღება. ნავარაუდევია მცირე არქეოლოგიური გათხრების წარმოებაც. ხოლო შემდგომ, ტაძრის საძირკვლის გაჭრა და მშენებლობის დაწყება", - განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისი ინფორმაციით, ტაძრის აღდგენა მომზადებულ საზოგადოებრივ პროექტში მთავარი საკითხია. "პროექტი ასევე აერთიანებს ქობულეთის მხარეთმცოდნეობის კვლევითი ცენტრის დაფუძნების, ადგილობრივი ახალგაზრდობის სულიერებისა და ინტელექტუალური განვითაების დარბაზის შექმნის და საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი სამლოცველოების შესწავლის ინიციატივებს. ყველა ეს ინიციატივა წელს განხორციელდება. ძალიან სასიხარულოა ის გარემოებაც, რომ სამებაში ახალი ეკლესია გასული წლის ნოემბრიდან უკვე მოქმედებს, ახლა კი მოსახლეობა, მხარეში, კიდევ ერთი ტაძრის აღდგენას ცდილობს", - განაცხადა კაიკაციშვილმა.
საზოგადოებრივი პროექტი "ქობულეთის სამება" მუნიციპალიტეტში 2011 წლის 23 ნოემბრიდან არსებობს. პროექტს მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი და საზოგადოებრივი ჯგუფები უწევენ. დაგეგმილია პროექტის მხარდამჭერთა ჯგუფის შექმნა თბილისშიც, რომელშიც, დედაქალაქში მცხოვრები ქობულეთელი ახალგაზრდები გაერთიანდებიან. ცნობილია ისიც, რომ ეპარქიის კუთხევით, საუკუნეების შემდგომ, სოფელ სამების ახალაგებულ ტაძარში წირვა-ლოცვაც განახლდა. ეკლესიას ამიერიდან მამა დანიელი (სოლომონიძე) უხელმძღვანელებს.