"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი. ამის შესახებ "საქართველოს არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, კოდექსში შესული ცვლილებები ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. კანონით დაწესებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, არაგონივრულია, ხოლო სანქციები - არაპროპორციული.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს რელევანტური საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და აღმოფხვრას ზემოთ აღნიშნული ხარვეზები, რომლებიც აწესებს უსამართლო საარჩევნო გარემოს, ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესების პოტენციალს მოიცავს და გარდაუვალს ხდის სუბიექტურ და შერჩევით დამოკიდებულებას აღნიშნული შეზღუდვების დაწესების დროს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები გააგრძელებენ კანონმდებლებთან მუშაობას.
"შევეცდებით, საკანონმდებლო ცვლილებების გზით აღმოვფხვრათ კანონში არსებული ხარვეზები. ინფორმირების მიზნით, გავმართავთ შეხვედრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პარალელურად, რამდენიმე დღეში სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან და მედიასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ ფართომასშტაბიან საინფომაციო კამპანიაში", - აღნიშნულია განცხადებაში.