"სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები შედგა, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ამომრჩეველთა მზაობას - ქვეყნის მართვაში არჩევნების გზით მიეღოთ მონაწილეობა და აქტიურად გამოეხატათ საკუთარი ნება.
არჩევნების სამართლიანობის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დამკვირვებლებმაც, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელზე რეაგირებაც აუცილებელია არა მხოლოდ 5 იანვრის არჩევნების მაღალი ლეგიტიმურობის უზრუნველყოფისთვის, არამედ იმის ხელშეწყობისთვისაც, რომ მომავალში მსგავსი დარღვევები მაქსიმალურად შეიზღუდოს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრის ან ჩაყრის მცდელობის ფაქტები (ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 10 საარჩევნო უბანში), დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები (დაფიქსირდა 10 საარჩევნო უბანში), მრავალჯერადი და ასევე პირადობის მოწმობების გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, საარჩევნო ყუთის გატაცების შემთხვევა და კომისიის წევრების ან სამართალდამცავი პირების მხრიდან ზეწოლის ფაქტები.
გარდა ამ პრობლემებისა, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემებიც: რიგ საარჩევნო უბნებში კომისიის წევრები არასათანადოდ იყვნენ მომზადებულები, რამდენიმე საარჩევნო უბანში გაფუჭდა მარკირების დეტექტორები, უბნების ნაწილში მარკირების პროცედურა არასწორად ხორციელდებოდა, ზოგიერთ საარჩევნო უბანს დამატებითი სიების ამომრჩეველთათვის განკუთვნილი განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტები არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდა, გარკვეულ უბნებზე შემაჯამებელი ოქმების შევსებისას ე. წ. ბალანსების დაუცველობის შიშით გამოვლინდა ბეჭდითა და წევრთა ხელმოწერებით დამოწმებული ოქმების ფანქრით შევსების ფაქტები.
არჩევნების დღეს ცხადად დადასტურდა ამომრჩეველთა სიების პრობლემაც. ამომრჩეველთა სიებში კვლავ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა არასწორი პირადი მონაცემები, გაორებები და მკვდარი სულები. დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც სიაში შეყვანილი იყვნენ არასაარჩევნო ასაკის მქონე ამომრჩევლები.