საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ მეორე ნაბიჯი საქართველოში არსებული ექვსი სომხური ეკლესიის სომხეთისათვის "დაბრუნება" იქნება. სომხური ეკლესია მომავალშიც დაჟინებით დაიცავს სომხური ეპარქიის უფლებებს საქართველოში", _ აცხადებს ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სომხური ეკლესიის სასულიერი პირი ვაგრამ მელიკიანი და საქართველოს საპატრიაქოს მიერ გავრცელებული განცხადების გამო, რომელშიც ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრად არის მოხსენიებული აღშფოთებას გამოთქვამს.
"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც თბილისში მდებარე სომხური ეკლესია სურბ ნშანის კუთვნილება სადავოდ არის წარმოჩენილი, გაუგებრობას იწვევს. მსგავსი განცხადება ძნელად აღსაქმელია, ვინაიდან წარწერები, რომლებიც ეკლესიაზეა გამოკვეთილი მისი აგების დროს მოწმობს, რომ ეს ტაძარი სომხურია", - აცხადებს ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, გარდა ტაძარზე არსებული წარწერისა არსებობს უამრავი დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ სურბ ნშანის ტაძარი ძირძველი სომხური ეკლესიაა.
"საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ეს ტაძარი მოქმედი იყო, რასაც ასევე მოწმობს მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალა", _ აცხადებს ვაგრამ მელიკიანი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სომხური ეკლესიების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო სომხური ეკლესია არაერთგზის ეცადა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საპატრიარქოს ყურადღება ამ სფეროში არსებული საკითხისადმი მიექცია.
"დღეს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - საკანონმდებლო რეფორმები ჩვენს ეპარქიას რეგისტრაციისა და შესაბამისი სტატუსის მიღების საშულებას აძლევს, რაც მხოლოდ მისასალმებელია. უკვე ამ პროცესში საქართველოში მოქმედი სომხური ეპარქიაც ჩაერთო.
ამას გარდა, სომეხი სასულიერი პირი დარწმუნებით ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ მეორე ნაბიჯი საქართველოში არსებული ექვსი სომხური ეკლესიის სომხეთისათვის დაბრუნება იქნება.
"მეორე ნაბიჯი იქნება ექვსი სომხური ეკლესიის ჩვენი ეპარქიისათვს გადაცემა, რომლებზეც ქართული მხარე გვედავება. სწორედ ამ დავის გამოა, რომ სომხეთის ეკლესია ქართულ მიწაზე არსებულ თავის ტაძრებზე ვერ ზრუნავს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთლიანად დაინგრა. ახლა კი ქართული უწყებების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ნგრევის პირასაა მისული სურბ ნშანის ტაძარი. ამ ტაძარში რამდენიმე ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. ამის გამო სომხეთის კულტურის სამინისტრომ საქართველოში მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად სპეციალისტების კომისია გააგზავნა. ქართველ კოლეგებთან ერობლივი მუშაობის შედეგად კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ამ ტაძრის გამაგრებისათვის სპეციალური სამუშაოები უნდა განხორციელდეს", _ აცხადებს მელიკიანი და ხასზგასმით აღნიშნავს, რომ სომხური ეკლესია მომავალშიც დაჟინებით დაიცავს სომხური ეპარქიის უფლებებს საქართველოში.
"რაც შეეხება საქართველოში სომხური ეკლესიის მოქმედებებს მომავალში, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ სომხური ეკლესია კვლავაც დაჟინებით დაიცავს სომხური ეპარქიის უფლებებს საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ სომხეთში მაცხოვრებელი ქართული სათვისტომოს სულიერ ცხოვრებას მხარი დავუჭიროთ და იგივე ნაბიჯებს ველით საქართველოს მართლმადიდებური ეკლესიის მხრიდან", _ ამბობს სომეხი სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები "სურბ ნშან"-ს უწოდებენ, გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი დაზიანდა. ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს.
საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, მისი კუთვნილების საკითხი.
ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადავო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი - სომხური მხარისთვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.