დღეს, 27 იანვარს, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ნიკო მუსხელიშვილის ბიობიბლიოგრაფიის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიობიბლიოგრაფიული სერია "ქართველი მეცნიერები" ფარგლებში გამოიცა.
დიდი ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის 120 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განმეორებით გამოსცა, 1980 წელს მისივე გამოცემული (შემდგენლები: ვ. გოგილაშვილი, ე. დოლიძე), ნ. მუსხელიშვილის ბიობიბლიოგრაფია. ამ გამოცემას, წინასთან შედარებით ოდნავ განსხვავებული ფორმატი და ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერთა განლაგება აქვს და იგი მოიცავს 1915-2011 წლების ლიტერატურას: სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო პოპულარული შრომები, სტატიები ჟურნალ-გაზეთებიდან, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ.
მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით, ცალკეა გამოყოფილი საიუბილეო მილოცვები და ლექსები, მიძღვნილი ნიკო მუსხელიშვილისადმი. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ნ. მუსხელიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. ერთვის სახელთა ანბანური საძიებელი.
წიგნი სამენოვანია: ქართული, რუსული და ინგლისური. წიგნის რედაქტორი ირაკლი ღარიბაშვილია; ბიბლიოგრაფიული რედაქტორი ნანა ბაღათურია; შემდგენლები მარიკა ჟორჟოლიანი, ლენა ხუხია; დამკაბადონებელი თამარ ხახუტაშვილი; გარეკანის დიზაინი ნინო ხოსრუაშვილი. წიგნი გამომცემლობა "მერიდიანმა" გამოსცა.