"ქართული ოცნება" კონტროლის პალატის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და უარს იტყვის 1 100 000 ლარზე. ამის შესახებ "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი.
"2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ქართული ოცნება" საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა, ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, იძულებულნი ვართ, ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენ წინააღმდეგ", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" თვალთმაქცურ გარიგებებში მონაწილეობს. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძის განცხადებით, კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მოძრაობა "ქართულმა ოცნების" ანგარიშზე იურიდიული პირის - შპს "ელიტა ბურჯის" მიერ ჩარიცხული თანხა 1.100 000 ლარი გადაირიცხოს უკან - შპს "ელიტა ბურჯის" ანგარიშზე.