ორგანიზაცია "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" კონტროლის პალატამ უკანონოდ შეამოწმა. ამის შესახებ "საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" თავმჯდომარე კახა კახიშვილმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილსა და არასამთავრობობის შეხვედრაზე განაცხადა.
კახიშვილის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია კონტროლის პალატამ კანონის დარღვევით, "ფეისბუკზე" დადებული სტატუსის გამო შეამოწმა.
"ორგანიზაცია "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შეიქმნა და დაინტერესებულ იურიდიულ პირს არ წარმოადგენს. იმ დროს კანონი მის შემოწმებას არ ითვალისწინებდა, ახლა კი გაუგებარია, რატომ ამოწმებენ ახალი კანონით 2010 წელს გუდვლისგან უფასოდ მიღებული ტორტის გამო ორგანიზაციას", - აღნიშნა კახიშვილმა.
კუბლაშვილმა უპასუხა, რომ უგულავა არის თბილისის მერი, რომელმაც შეიძლება შემდეგ არჩევნებზედაც მერობა მოისურვოს, შესაბამისად მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებიც უნდა შემოწმდეს.
რაც შეეხება "ფეისბუკის" სტატუსებს, კუბლაშვილს მიაჩნია, რომ კონტროლის პალატას შეუძლია ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია შემოწმების ჩასატარებლად გამოიყენოს.