კახეთის საოლქო პროკურატურამ ლია მინდორაშვილისა და ნატალია ყალაბეგაშვილის მიმართ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. ორივე ქალბატონს ბრალი 21 ეპიზოდში წაეყენა. საქმე განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ლია მინდორაშვილი და ნატალია ყალაბეგაშვილი თაღლითური გზით მოქალაქეებს კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს იპოთეკით დატვირთვასა და ამ გზით სესხის აღებაში ეხმარებოდნენ, რის შემდეგაც იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებულ ფულად თანხას თაღლითურად თავად ეუფლებოდნენ.
„ხშირ შემთხვევაში ლია მინდორაშვილი და ნატალია ყალაბეგაშვილი იპოთეკარს აჩვენებდნენ სხვა სახლს დიდი რაოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო სინამდვილეში იპოთეკაში იდებოდა ბევრად უფრო იაფად ღირებული ქონება. მინდორაშვილი და ყალაბეგაშვილი ასევე კახეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ბინის იპოთეკით დატვირთვის შედეგად აღებულ თანხას თვითონ გამოიყენებდნენ, სანაცვლოდ კი ბინის მფლობელს სარგებლის სახით თვეში გარკვეულ თანხას გადაუხდიდნენ, კუთვნილ ქონებას კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ იპოთეკისაგან გაათავისუფლებდნენ, სინამდვილეში შეთანხმებული თანხა არავისთვის გადაუხადიათ", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროკურატურაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ამ ქმედებებით ლია მინდორაშვილმა და ნატალია ყალაბეგაშვილმა 22 მოქალაქეს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რამაც ჯამში 163 210 აშშ დოლარი შეადგინა.
ლია მინდორაშვილსა და ნატალია ყალაბეგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
საქმეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური განიხილავს.