დევნილებისთვის სამედიცინო ვაუჩერის ფასის დადგენას მონიტორინგს უწყებათაშორისი კომისია გაუწევს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს.
"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2010 წლის 1-ელ თებერვლამდე და შემდეგ ყოველთვიურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიაწოდოს განახლებული მონაცემები 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებული არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში.
ამასთან, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა კომისია, რომელიც რაიონების მიხედვით სამედიცინო ვაუჩერის ფასის დადგენას გააკონტროლებს, ასევე ზედამხედველობას გაუწევს კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველი კომპანიის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, რომელიც ამავე დროს კომისიის თავმჯდომარე იქნება, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი გიორგობიანი და მიხეილ დოლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯამბულ ებანოიძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - დიმიტრი ძაგნიძე, ლაშა ჯუღელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომისიის მდივანი რევაზ მაჭარაშვილი.