სამედიცინო დიაგნოსტიკურ პროცედურებს ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს მოსახლეობის დასხივების პოპულაციური დოზის ფორმირებაში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ბრძანებაში, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარების კუთხით რენტგენოსკოპული გამოკვლევების შეზღუდვას ითვალისწინებს.
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ხელოვნურ წყაროებს შორის სამედიცინო დიაგნოსტიკურ პროცედურებს ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს მოსახლეობის დასხივების პოპულაციური დოზის ფორმირებაში, პაციენტის დასხივების დოზის შემცირებისთვის: დაუშვებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით მოზრდილთა, ბავშვთა და მოზარდთა რენტგენოსკოპია, ბავშვთა მასობრივი ფლუოროგრაფია, სარძევე ჯირკვლის ფლუოროგრაფია.
ასევე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს დიაგნოსტიკური მიზნებისთვის რენტგენოსკოპული გამოკვლევები, კერძოდ კი გულმკერდის, მუცლის ღრუს, რეტროპერიტონეალური არის, ძვალ-სახსართა სისტემის გამოკვლევის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია. რენტგენოსკოპიის გამოყენება ხდება მკაცრი კლინიკური ჩვენებებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გონადების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ეკრანირებას.
ამასთან, ბრძანების თანახმად, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევები დროის მოკლე მონაკვეთში; დაუშვებელია ჯანმრთელ ბავშვთა მასობრივი პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები, თუ ამას ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს.
სათანადო ეპიდსიტუაციის არსებობის შემთხვევაში მოზრდილთა პროფილაქტიკური სამედიცინო რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დასხივების წლიური ეფექტური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მზვ-ს პროფილაქტიკური დასხივების დადგენილი წლიური ზღვარი შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს მხოლოდ ისეთ არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ პირობებში, რომელიც მოითხოვს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ან მაღალი დოზის შემქმნელი მეთოდების იძულებით გამოყენებას.
დაუშვებელია 15 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკური რენტგენოსკოპიული გამოკვლევები. მათი გამოკვლევის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია, მკაცრი კლინიკური ჩვენებების მიხედვით, გონადების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ეკრანირებით და დაცვის სხვა (ტექნიკური) საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით. ადრეული ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს გამოსაკვლევი უბნის მიღმა დარჩენილი მთელი სხეულის ეკრანირება.
ასევე, ორსულ და მეძუძურ ქალთა რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევა უნდა წარიმართოს მხოლოდ მკაცრი კლინიკური ჩვენებების მიხედვით; დიაგნოსტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები ტარდება მხოლოდ კლინიკური ჩვენებებით. ყველა კვლევა დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით მკურნალი ექიმის მიერ.