ლევან გაჩეჩილაძის შტაბში პრესკონფერენცია გამართეს საერთო სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებმა თინათინ ხიდაშელმა, სალომე ზურაბიშვილმა და კახა კუკავამ.
მათი თქმით, თბილისში არსებული 109 საარჩევნო უბნიდან, 96-ში ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა.
რაც შეეხება რეგიონებს, მათ უმეტესობაში ოპოზიციის კანდიდტმა 50 პროცეტზე მეტი ხმა აიღო. ხიდაშელის თქმით, სააკაშვილმა პირველი ტურისთვის საკმარისი ხმები ვერ მოიგროვა.
საერთო სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე და ცესკოს შემაჯამებელი ოქმების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ.
"არჩევნების დასრულებიდან რვა საათის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათთან მხოლოდ ასი შემაჯამებელი ოქმია შესული, ეს ნიშნავს რომ ოქმების გამოქვეყნებას შეგნებულად აჭიანურებენ, რათა არ შერცხვეს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უკვე აღნიშნა გამარჯვება", _ განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება დარღვევებს გაჩეჩილაძის შტაბის წვერები რამდენიმე სახის დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვაზე. ასევე, ხიდაშელის ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორი გორის საარჩევნო უბნებში სპეცრაზმტან ერთად დადიოდა და კომისიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებდა.
ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, გაჩეჩილაძის შტაბმა ინფორმაცია მიაწოდა ეუთოს მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.