"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თაობაზე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას დადებული პირობის შეუსრულებლობის გამო რუსეთის პატრიარქი კირილი ბოდიშს იხდის. როგორც "დემოკრატიული მოძრაობიდან" "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, რუსეთის მხარე ბოდიშს იხდის დაპირების ვერ შესრულების გამო და სინანულით აღნიშნავს, რომ ქართული მხარის პასიურობისა და დაუინტერესებლობის მიზეზით, დღემდე ვერ მოხერხდა აღნიშნული საკითხის დარეგულირება.
"2010 წლის 23 დეკემბერს ნინო ბურჯანაძე რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვდა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ ტაძართან მიმართებაში მას სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა. შეხვედრაზევე კირილ მეორემ საპატრიარქოს წარმომადგენელს დაავალა დაუყოვნებლივ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა და საკითხს დეტალურად შეისწავლის. რუსეთის პატრიარქმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად დაგმობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კირილ მეორემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის საკითხი ეჭვგარეშეა და არ განიხილება. რუსეთის პატრიარქმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ტაძრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თხოვნით ქართულ მხარესაც მიმართავს.
„დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ცინიკურია საკუთარი პოლიტიკური ავანტიურებისათვის გამოიყენო ეკლესიის თემა, როგორც ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.
"რომ იყოს რეალური სურვილი და ნება საქართველოს ხელისუფლებისა ილორის სახელობის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის პირვანდელი სახის აღდგენისა, ქართული მხარე რუსეთის პატრიარქის დაპირებას დიდი ხნის წინ გამოეხმაურებოდა, ვინიდან ყველასათვის ნათელია, რომ აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ვერც იუნესკო და ვერც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მოახერხებს, უშუალოდ რუსეთის საპატრიარქოს გარეშე", - აღნიშნავენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში.