საქართველოში დღეს გამოიდარებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა დღეიდან ნალექი შეწყდება და ჰაერის ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. თუმცა, მეტეოროლოგები თვის ბოლომდე არამდგრად ამინდს ვარაუდობენ. 25 იანვრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.
"საქართველოში 21 -22 იანვარი უნალექოდ ჩაივლის. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში იქნება ყინვები და 22 იანვრის ჩათვლით უნალექობა. თბილისში - 3 ან 5 გრადუსამდე დაიწევს, ბაკურიანში - 15-იდან 18-მდე დავარდება. კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ხვალ, დღისით, ამინდი გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე კი კობის მონაკვეთზე ქარბუქი და თოვლია, სადაც გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გვაზავამ.
ცნობისთვის, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, კვლავ ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი. სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა ნებადართულია გუდაურამდე.
აცხადებენ, ზვავსაშიშროების საფრთხის გამორიცხვის შემდეგ, ჯვრის უღელტეხილის მაგისტრალური გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია.