ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" თავად დევდარიანმა დაუდასტურა. დევდარიანი საზოგადოებრივი მოძრაობის დატოვების გადაწყვეტილებას თავის სტატიაში აღწერს, რომელიც geworld-ზე გამოქვეყნდა.
დევდარიანი ამბობს, რომ ფრაზას - "ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე იმეორებენ, აზრი დაეკარგება, თუ ეს "ყველაფრისთვის" მზადყოფნა რეალურად არ გამჟღავნდება დროულ რეაგირებასა და სწორად მართულ "პიარში". დევდარიანის აზრით, სამაგიეროდ, მუდმივ მზადყოფნაშია მმართველი პარტია და მისი მორჩილი მედიასაშუალებები. ისინი არც ერთ შეცდომას, არც ერთ მცირე წაფორხილებასაც კი არ უშვებენ ხელიდან; სახელისუფლებო "პიარის" მანქანა მუშაობს.
"ქართულ ოცნებაში" მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ ყველაზე უჩინარ და მძიმე სამუშაოში წავხმარებოდი, _ პარტიის მშენებლობაში. როგორც ჩანს, ივანიშვილის მიერ საკუთარი პოლიტიკური დასაყრდენის შექმნა არანაირად არ შედის მისი მეგობარი პარტიების მიზნებში. რაკიღა ყბადაღებული 2003 წლის არჩევნების "გაყალბების" თემა აღარ მუშაობს (ამის აღარავის სჯერა), ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ბიძინა ივანიშვილს ყურში ჩასჩურჩულეს, რომ მე 2003 წლის არჩევნებზე "ფული ვაკეთე". მოდით, ავწონოთ: ვისგან უნდა ამეღო ფული? ალბათ, ვინც მოიგო! შეგახსენებთ: გორში ირაკლი ოქრუაშვილმა მოიგო, ქუთაისში _ ნინო ბურჯანაძემ, სამგორში _ მიხეილ მაჭავარიანმა, დიდუბეში _ გია ბარამიძემ, გლდანში _ კობა დავითაშვილმა. სია გრძელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ახლა წარმოიდგინეთ, მე რომ ვინმესგან თუნდაც ერთი თეთრი მქონოდა აღებული, განა ეს ხელისუფლება ბონდო შალიკიანზე ადრე მე არ გამომათრევდა ლოგინიდან?! მაპატიებდნენ?!" - აცხადებს დევდარიანი.
მისი განცხადებით, თავის მართლება უკანასკნელი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავი სამართლებელი არა გაქვს.
"რადგან "ოცნებიდან" წამოსვლის შემდეგ უამრავი ადამიანი მირეკავს და მსაყვედურობს, რომ უნდა დავრჩენილიყავი, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ეს ყოველივე მეთქვა და ერთი კითხვაც (ალბათ, რიტორიკული) დამესვა: სააკაშვილმა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდ წელიწადში "ჩარეცხა". ბატონებო, თქვენ ჯერ არა ხართ მოსული ხელისუფლებაში (ამ ტაქტიკით კი თქვენი გამარჯვება ჩემთვის ერთობ საეჭვოა) და უკვე ლამობთ იმავეს გაკეთებას? არა აქვს მნიშვნელობა, რას გეტყვიან, მთავარია, რას დაიჯერებ. თუ ივანიშვილი მართლაც თავად
იღებს გადაწყვეტილებებს და ენის მიტანაზე არ რეაგირებს, ძალიან კარგი. ეს აუცილებლად გამოჩნდება ახლო მომავალში. საკუთარ თავზე არ მოგახსენებთ, ფსონი გაცილებით მაღალია. ან რაიმე უნდა შეიცვალოს, ან ფუჭი იმედების დათესვა კარგს არაფერს მოიტანს", - აღნიშნავს დევდარიანი.