საქართველოს მთავრობა მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იუნესკოს წარმომადგენლების შესვლასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვას. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით იუნესკო მისიის გაგზავნას ოკუპირებულ აფხაზეთში ვერ ახერხებს.
"იუნესკო ამ მიმართულებით დაინტერესებულია, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ექსპერტებს ვერ აგზავნის", - აღნიშნა კალანდაძემ და აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებას გამოეხმურა, რომელიც ახცადებს, რომ ქართული მხარე პროცესში იუნესკოს მონაწილებით არაა დაინტერესებული.
კალანდაძის თქმით, საქართველომ რამდენჯერმე მიმართა იუნესკოს და მასთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, თუ ლაკერბაია მზადაა მისიის მისაღებად, თუმცა არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ასეთ შემთხვევაში საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება მზადაა სხვა გზებზედაც იმსჯელოს.
"იმისთვის, რომ მისიის ჩაყვანა შესაძლებელი გახდეს, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის დაშვებისთვის მზადაა. თუმცა ამ ეტაპზე ამ მიმართულებით პოზიტიურს ვერაფერს ვიტყვით", - აღნიშნა კალანდაძე.