აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტები და ოკუპანტები არქეოლოგიურ გათხრებს არქეოლოგების გარეშე ატარებენ. ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციისა და მონიტორინგის სამართველოს უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, "ICOM"-ის (მუზეუმების საერთაშორისო ორგანიზაცია) რუსული ბიუროს მიერ 2011 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მონიტორინგი განხორცილდა, სადაც საუბარია სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიაში ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებზე.
"მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკლესიაში გათხრები მიმდინარეობს და იქ ქვევრები და სხვა ნივთებია აღმოჩენილია. იქვე მინაწერი აქვს, კარგი იქნებოდა ამ გათხრებს არქეოლოგი დაესწროს, რათა მოხდეს ამ ნივთების ზუსტი განსაზღვრაო", - აცხადებს გაგოშიძე.
მისი თქმით, მსგავსი ვანდალური ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან ხშირია.