კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდროების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების იდეით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა პეტრე კანკავამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე დააყენა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული ძეგლების შესახებ, მათი სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საუბრობენ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საერთაშორისო დონის კონფერენციის ჩატარება აღნიშნულ საკითხზე.
მისი თქმით, მსგავსმა ღონისძებებმა დადებითი შედეგები კოსოვოს, ნახიჭევანის, ირანისა და სხვა ქვეყნების შემთხვევებში უკვე აჩვენა.
აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველომ დაიწყოს საერთაშორისო დონის კონფერენციისთვის მზადება, რომელშიც იუნესკოსა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალები იქნებიან ჩართული.