საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მტკვრის გადაგდება არ იგეგმება. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება თურქულ მხარესთან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რთული იყო.
"მტკვარი თბილისისთვის იგივეა, რაც სენა პარიზისთვის და რაც ტემზა ლონდონისთვის. ერთი სიტყვით, ეს არის თბილისის ძალიან მნიშვნელოვანი ღერძი და მას არაფერი არ უნდა შესტყობოდა, მათ შორის წყლის დაკლება. ინტენსიურად ვიმუშავეთ თურქულ მხარესთან. ეს იყო ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება. არა მხოლოდ მტკვრის კალაპოტის გადაგდება აღარ მოხდება, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება ერთობლივი ახალი კაშხალი. ეს ახალი ელექტროსადგური იმუშავებს თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკაზე, ორი ქვეყნის დაახლოებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საქართველოს საექპორტო პოტენციალის გაზრდაზე. მადლობელი ვარ თურქეთის პრემიერის, რადგან რთული მოლაპარაკებები პოლიტიკურად სწორად დასრულდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ბეშიკჰაიას ჰესების კასკადის მშენებლობის გამო საქართველოს ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი აღარ შემოვიდოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად არასამთავრობო ორგანზიაციები ავრცელებდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობაში იმთავითვე განმარტეს, რომ მტკვარი საქართველოში ჩვეულებრივად შემოვიდოდა და საქართველოს ეკოსისტემას საფრთხე არ დაემუქრებოდა.