"დემოკრატიული მოძრაობა" ჭადრაკის დიდოსტატსა და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გარი კასპაროვს მიმართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, "დემოკრატიული მოძრაობა" დაინტერესებულია თუ რა პოზიცია აქვს კასპაროვს საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით.
"დემოკრატიული მოძრაობა" მიესალმება ჭადრაკის დიდოსტატისა და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გარი კასპაროვის მზადყოფნას მიიღოს აქტიური მონაწილეობა საქართველოში სპორტის მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სახეობის - ჭადრაკის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ვინაიდან ის არა მხოლოდ მოჭადრაკე, არამედ ოპოზიციონერია, საინტერესოა ბატონი გარი კასპაროვის პოზიცია საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. იმ ქვეყანაში სადაც მისი კოლეგა, მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი მოჭადრაკე ქალბატონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - ნონა გაფრინდაშვილის სახელის ხსენებაც კი არის აკრძალული მისი მტკიცე ეროვნული პოზიციის გამო, სადაც ქვეყნის ხელისუფლება ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კრიტიკული, ოპოზიციური განცხადებების გამო ბათუმის ჭადრაკის სასახლეს ართმევს ნონა გაფრინდაშვილის სახელს და მის შვილიშვილის სკოლაში არ ღებულობენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ნონა გაფრინდაშვილის შვილიშვილია", - აღნიშნულია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" ასევე დაინტერესებულია თუ რა პოზიცია აქვს გარი კასპაროვს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.
"ჩვენ გაოცებას გამოვხატავთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბატონ გარი კასპაროვს, რომელსაც არ მოსწონს დემოკრატიის ხარისხი საკუთარ ქვეყანაში, 26 მაისის სადამსჯელო ღონისძიების შესახებ არ უჩნდება შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოს დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით და არც ერთხელ არ გასჩენია სურვილი შეხვედროდა მაისის აქციების ორგანიზატორ „სახალხო კრების" აღმასრულებელ საბჭოს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის თავმჯდომარეობით. იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი გარი კასპაროვი არ იხელმძღვანელებს ორმაგი სტანდარტით და ადექვატურ შეფასებას მისცემს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ბურჯანაძის პარტია მზადყოფნას გამოთქვამს კასპაროვს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს.