ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეპარქიის სამდივნოდან აცნობეს, ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობას ნავსადგურში არსებული წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის დანგრევა სურს.
"2011 წლის 16 თებერვლის #98-46-21 წერილით სს `კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა~ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელშიც დასმული იყო ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ქონების: წმ. ნიკოლოზის ეკლესიის, საეკლესიო დანიშნულების შენობისა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხი, შემდგომში საქართველოს სამოციქულო ეკლესიისთვის გადაცემის მიზნით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე განახორციელა საჭირო მოქმედებები და 2011 წლის 30 მარტს აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. ასე რომ მოლაპარაკებისას მიღწეული შეთანხმება პირნათლად შეასრულა არაბმა ინვესტორმა, რომლის მართვაშიც იმყოფებოდა იმ დროისათვის ფოთის ნავსადგური და ჩავთვალეთ, რომ ახლა კი ბოლო მოეღებოდა ტაძრის დანგრევის მცდელობებს (ნებისმიერი საბაბით); თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ას არ ყოფილა: ეკლესია, საეკლესიო დანიშნულების შენობა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები კი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიაზე მისი გადაცემა ჯერაც არ მომხდარა. ამან, როგორც ჩანს ნავსადგურის უკვე ახალ მფლობელებს(`მაერსკი~) კვლავ აღუძრა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დანგრევის სურვილი, რის შესახებაც დაუფარავად საუბრობენ და დაჯერებულად აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან `შეთანხმდებიან~. როგორც ვითარებას ეტყობა ნავსადგურის ამჟამინდელ მფლობელებს გეგმაც გააჩნიათ და მოქმედებასაც შეუდგნენ: მიმდინარე წლის 18 იანვარს წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარს, ეკლესიის მრევლს და მიტროპოლიტის სამდივნოს თანამშრომლებს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დახვდათ ახლად დამონტაჟებული ე.წ. შლაგბაუმი და დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მანქანების გადაადგილება შეაჩერა და მოძღვარს გამოუცხადეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ფეხით შეიძლება ტაძრისკენ გადაადგილება, მაგრამ ორი თვის შემდეგ სპეციალური საშვის გარეშე არავინ არ იქნება დაშვებული არც ტაძარში და არც ტაძართან არსებულ საეკლესიო დანიშნულების შენობაში, სადაც განთავსებულია მიტროპოლიტის სამდივნო და ეპარქიის განვითარების ფონდი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ფოთისა და ხობის ეპარქია იუწყება, ნავსადგურის მიერ ტაძრისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა არის უკანონო ქმედება.
"ასევე მიგვაჩნია, რომ ნავსადგურის ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ქმედება არის იმ მზაკვრული გეგმის ნაწილი, რომელიც საერთო ჯამში მიზნად ისახავს წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის დანგრევას. ზემოთქმულიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ფოთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოზე გადაცემის საკითხი ბოლომდე იქნას მიყვანილი, რითაც წერტილი დაესმება ტაძრის დანგრევის მცდელობებს, ხოლო შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა განუმარტონ ფოთის ნავსადგურის მფლობელებს მათი უფლებების საზღვრები და აღკვეთონ ტაძრისა და მართლმადიდებელი მრევლის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედება ", - აღნიშნულია განცხადებაში.