ნინო რამიშვილის დაბადებიდან 19 იანვარს 102 წელი შესრულდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა შვილიშვილმა და ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განუცხადა, იუბილეს 27 იანვარს, თბილისის დიდ დაკონცერტო დარბაზში აღნიშნავენ.
"ნინოს დაბადების დღე 19 იანვარს აქვს, თუმცა ის ყოველთვის 27 იანვარს აღნიშნავდა ხოლმე. ეს იმდენად სისტემატიური იყო, რომ ბავშვობაში მისი დაბადების თარიღი 27 იანვარი მეგონა. მის დაბადების წლისთავთან დაკავშირებით კონცერტზე "მემორიალურ პროგრამას" წარვადგენთ, რომელიც ნინო და ილიკოს დროს იდგმებოდა და ახალ თაობას არ უნახავს. 10 წლის განმავლობაში ჩვენ ეს ცეკვები არ დაგვიდგამს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სუხიშვილმა.
ცნობილი ქორეოგრაფი, ნინო რამიშვილი 1910 წლის 19 იანვარს ბაქოში დაიბადა. მან მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის წამყვანი მოცეკვავე 1972 წლამდე თავად იყო. ნინო რამიშვილმა ანსამბლთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.
ნინო რამიშვილის ხელოვნებისთვის დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა. იგი ქალთა შორის, ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: "ჯეირანი", "მუხამბაზი", "მთიულური", "სამაია" და მრავალი სხვა.
ცნობილ ქორეოგრაფს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება; დაჯილდოებულია რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით; ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მეოთხე ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და მსოფლიო ლაურეატის წოდება. საკონცერტო მოღვაწეობისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ნინო რამიშვილი 2000 წლის სექტემბერში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.