კრწანისში მდებარე სამსართულიანი სპორტული ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და სპორტსმენებს გაესაუბრა.
კრწანისში მდებარე სამსართულიანი სპორტული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. 15 000 კვ.მეტრ ფართობის ტერიტორიაზე სტანდარტული და საბავშვო დახურული და სპეციალურად წყალბურთელებისთვის განკუთვნილი ღია საცურაო აუზები მოეწყო.
ახალ კომპლექსში ასევე ჩოგბურთის 4 დახურული და 7 ღია კორტი და მინი ფეხბურთის სათამაშო მოედანი გაკეთდა. შენობაში გარემონტდა საშხაპეები, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები, რაც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კომფორტულად ვარჯიშისა და მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
სპორტული ცენტრი საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს. კეთილმოწყობილ ობიექტში ყოველთვიურად 500 სპორტსმენი ივარჯიშებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. შესაბამისად, ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.