აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე ყურადღება რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნებზე, "კავკასია 2012"-ზედაც გამახვილდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კავკასიისა და დიასპორის საკითხებში საპარლამეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განცხადა.
მისი შეფასებით, ის, რომ წვრთნები ტარდება სომხეთში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ჩრდილო კავკასიაში, საფრთხის შემცველია, თუმცა მყისიერი თავდასხმის ალბათობა მაინც ნაკლებია.
"რუსეთს ჰქონდა ბევრი მცდელობა საქართველოში დესტაბიზლიზაციის მოწყობის - ეს იყო ეკონომიკური ბლოკადა, პოლიტიკური ბლოკადის მცდელობები 2007 წლის მოვლენების დროს, შემდეგ 2008 წელს უკვე პირდაპირი თავდასხმა, ამას მოჰყვა ბურჯანაძის, ნოღაიდელის და მსგავსი პოლიტიკოსების გააქტიურება საქართველოში. ეს ქმედება კი არის ამ ჯაჭვის ბოლო ნაწილი", - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ "კავკასია 2012"-ის ჩატარების საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დამთხვევა, შესაძლოა, სულაც არ იყოს შემთხვევითი.
"ეს არის ძალის დემონსტრირება, თუ ვინ არის ბატონ-პატრონი ამ რეგიონში, მაგრამ საქართველოს ჰყავს ძლიერი პარტნიორები და ამის მაგალითია 30 იანვარს დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთანაც", - განაცხადა წიკლაურმა.