განახლებულ "საარჩევნო კოდექსში" ახალი მუხლი - ამომრჩევლის მოსყიდვა გაჩნდა. განახლებულ "საარჩევნო კადექსში" აღნიშნულია, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მისი საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალის) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).
ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვლება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.
ახალ კოდექსში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოთ ჩამოთვლილ აკრძალულ საქმიანობას, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია უუქმდება.