"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ, რეფერალური ჰოსპიტლის მფლობელის საქმიანობით დაინტერესდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, 2010 წლის დეკემბერში რეფერალური ჰოსპიტალის მფლობელი შპს "ზივანი" გახდა, რომელსაც სამი წლის განმავლობაში 3 მილიონი ევროს ინვესტირება უნდა მოეხდინა.
"წელიწადზე მეტი გასულია და დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება გაკოტრების ზღვარზეა. ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესებულა, ასევე მკვეთრად შემცირდა პაციენტთა რაოდენობა და კლინიკის შემოსავლები. ფიქსირდება 7 თვის სახელფასო დავალიანება და დავები სადაზღვეო კომპანებთან", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
დეპუტატი ჯანდაცვისა და ეკონომისის მინისტრებს მოუწოდებს, გამოიძიონ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობის საქმიანობა და გაარკვიონ, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ მფლობელები საინვესტიციო პირობებს.
"სამედიცინო დაწესებულებაში შექმნილი ამ განუკითხაობის გამო მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს კლინიკის ხელმძღვანელობასთან გაფორმებულ შეთანხმებას, სათანადოდ შეაფასოს ის ზიანი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალას ახალი მფლობელის პირობებში მიადგა და მიიღოს შესაბამის გადაწყვეტილება, რათა დასრულდეს კლინიკის მიზანმიმართული დაშლისა და გაკოტრების პროცესი", - აცხადებს ანიკაშვილი.