სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისათვის ემზადება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარნომადგენლების ვიზიტი იგეგმება.
დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე ხარლამოს ხრისტოპულოსი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე.
დელეგაციის წევრები ცხინვალში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევს შეხვდებიან.
"აღნიშნული დელეგაცია სამხრეთ ოსეთში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ, მერვე რაუნდთან დაკავშირებით ჩამოდის, რომელთა გამართვაც მიმდინარე წლის 11 ნოემბერსაა დაგეგმილი", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი და დასძენს, რომ დელეგაციის წარმომადგენლების მიერ ცხინვალში გამართული შეხვედრების დროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი საკითხების წინასწარი განხილვა გაიმართება.
ოსური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოური დელეგაციის გადაადგილება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის კუთვნილი ავტოტრანსპორტით მოხდება.