"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუსეთისა და სახრეთ ოსეთის მოქალაქეების სარჩელების მხარდაჭერას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რაც შეეხება სააკაშვილს, არ არის სწორი ილაპარაკო, რომ ჩვენ ამ საკითხს ჯეროვან ყურადღებას არ ვუთმობთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ სარჩელებს, რომლებიც ჩვენმა მოქალაქეებმა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანეს. ამ პროცესსაც გარკვეული დრო სჭირდება",_ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელების საკითხი არანაირად არ უკავშირდება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. "შეუძლებელია ეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან იყოს დაკავშირებული. იმიტომ, რომ აქ შედარებაც კი არ შეიძლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და იმ დანაშაულებებისა, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, მათი პატიება შეუძლებელია", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.