ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ისმაილაშვილების საქმის შესწავლა დაასრულა. სააგენტოს თანამშრომლებმა ყველა ის დეტალი შეისწავლეს, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში 3 თვის ნიკოლოზ ისმაილაშვილის გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება. დაეკისრება თუ არა ჩვილის ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა ამას უკვე პროფესიული რეგულირების საბჭო გადაწყვეტს.
"სააგენტომ დაასრულა საკითხის შესწავლა. კომისიის მიერ მოპოვებული მასალები გადაეგზავნება სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. რაც შეეხება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს, დასკვნის საფუძველზე იმსჯელებს პროფესიული განვითარების საბჭო", _ აცხადებს რეგულირების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტსი უფროსი ლიკა უგულავა.
შეგახსენებთ, რომ 3 თვის ნიკოლოზ ისმაილაშვილი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ბავშვი კლინიკაში დიფტერიაზე აცრის შემდეგ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო მოათავსეს.
ოჯახი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმს უყურადღებობაში და საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული კათეტერი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები