თურქეთში ერთი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ პოპიაშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ისინი ეჭქვეშ აყენებენ თურქული პოლიციის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათი განცხადებით, 27 წლის ახალგაზრდ წამებით მოკლეს. გარდაცვლილის დედა "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ მას თურქეთიდან უცხო პირი დაუკავშირდა, რომელმაც შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უცნობი პირის ნაამბობით, ქარხანაში რომელშიც პოპიაშვილი მუშაობდა, ქურდობა მოხდა. პოპიაშვილი კი თვითმხილველი გახდა. სწორედ ამ ფაქტს განიხილავენ დაღუპულის ახლობლები წამებისა და მკვლელობის მთავარ მოტივად.
"ამ ქურდობის შემთხვევითი მოწმე გახდა. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, ამიტომ მოიშორეს თავიდან. თურქეთის პოლიციამ დადო განცხადება, სადაც წერია, რომ თავი მოიკლა, მაგრამ ამ ვერსიის არ გვჯერა. სხეულზე არანაირი კვალი არ ჰქონდა, ნაცემი კი იყო" , - განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ლალი პოპიაშვილმა.
პოპიაშვილის ცხედარი 2010 წლის აგვისტოში, თურქმა სამართალდამცავებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. პოლიციამ საქართველოს მოქალაქე თოკზე ჩამოკიდებული სტამბულში იმ ჯინსის ქარხნის ტერიტორიაზე აღმოაჩინა, სადაც თავად მუშაობდა. ოჯახის წევრებმა 18 აგვისტოს მომხდარის შესახებ 12 დღის დაგვაინებით შეიტყვეს. თურქეთში ვახტანგ პოპიაშვილი მკვლელობამდე ერთი თვით ადრე სამუშაოდ წავიდა.