საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნო და მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა. ქვეყნის პირველმა პირმა მომღერალ ნიაზ დიასამიძესთან ერთად თამარ მეფის 4-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება მოინახულა, რომელიც ძველქართულ სტილში, ძველი ესკიზების მიხედვითაა შესრულებული და მესტიაში, დაახლოებით, 1 თვის წინათ აღიმართა. ძეგლის ავტორები ვაჟა მელიქიშვილი და შოთა ბოსტანაშვილი არიან.
სააკაშვილი მესტიის მთავარ მოედანსაც ეწვია, სადაც კაფე-რესტორნებითან ერთდ, მალე "პიაცა" მოეწყობა - მოედანს სამი სასტუმრო შეკრავს, რომელთა მშენებლობის დასრულების შემდეგ აქ ერთდროულად 80-მდე სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. ქვეყნის პირველი პირი ასევე მუზეუმის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და საუკუნოვანი ესქპონატების ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა. სააკაშვილი მშენებლებსაც გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მუშაობას უამინდობის პირობებშიც არ წყვეტენ. როგორც პრეზიდენტს მათ განუცხადეს, სამშენებლო სამუშაო ივლისში დასრულდება.
სააკაშვილმა ჰაწვალის ახალი, 2,5-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასაც მოინახულა. ტრასაზე დამონატაჟებულია განათების 25 ბოძი, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მსურველებმა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისრიალონ. ღამის ტრასა სააკაშვილმა დიასამიძესთან და მოთხილამურეებთან ერთად გამოსცადა. პრეზიდენტმა ყურადღება სათხილამურო ტრასის განათებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჰაწვალში სრულფასოვანი ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ტრასა გაკეთდა. მისი თქმით, ასეთი განათებული ტრასები ევროპაშიც იშვიათია.