"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის პოლიტიკაში გამოჩენას მიესალმება.
როგორც ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი პარტნიორებს შორის შეთანხმებული იყო და ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბოს თავისი მოძრაობა, შეკრიბოს მხარდამჭერები და შეიქმნას პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება".
"ეს არის მისასალმებელი. ქართული საზოგადოება სწორედ ასეთ სიახლეს ელის - ქართულ პოლიტიკას ახალი სახეებით და მომავლისკენ მაყურებელი ხალხით დაკომპლექტებული პარტია შეუერთდება", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
ალასანიას განცხადებით, პარტნიორები მზად არიან, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ კონკრეტული მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას ხელისუფლების ისეთი ძლიერი ალტერნატივა, რომელიც არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" დაამარცხებს.
რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების ალბათობას, როგორც ალასანიამ აღნიშნა, მისთვის და მისი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები კონკურენტული და სამართლიანი იყოს, ხოლო მომავალი პარლამენტი - მრავალპარტიული.
"ასე რომ, ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, ჩამოაყალიბოს პოლიტიკური ძალა და მონაწილეობა მიიღოს სამართლიან არჩევნებში, სადაც მთავარ გადაწყვეტილებას ქართველი ამომრჩეველი მიიღებს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.