დღეს, 16 იანვარს, 09:30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამის" (TEMPUS) გამარჯვებული პროექტის "მიგრაცია და უმაღლესი განათლება _ უნარებისა და შესაძლებლობის გამყარებისათვის" ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, პროექტს" კოორდინაციას TEMPUS -ის პროგრამის გამარჯვებული თსუ იურიდიული ფაკულტეტი გაუწევს. თსუ-სთან ერთად პროექტში კიდევ ორი ქართული და თოთხმეტი უცხოური როგორც საგანმანათლებლო, ისე არასაგანმანათლებლო ორგანიზაციაა ჩართული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თსუ კოორდინირებას უწევს საპროექტო კონსორციუმს.
"საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამა" ევროპის კავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს ქვედანაყოფია, რომელიც აფინანსებს ევროპის კავშირის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ პროექტებს უმაღლესი განათლების სფეროში.