სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ქართველ მეზღვაურებს განთავისუფლება მიულოცა.
აღნიშნულის შესახებ პატრიარქმა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
"ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რადგან ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იმყოფება. ვულოცავ ქართველ მეზღვაურებს გათავისუფლებას, ვულოცავ საქართველოს, ისინი გადარჩენილი ადამიანები არიან", - ბრძანა ქადაგებისას ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გათავისუფლების მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა.
კენიიდან მეზღვაურები ჩარტერული რეისით სტამბულში ჩაფრინდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თურქეთის პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დახვდნენ.