ცნობილი ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია პროგრამა "ოსობოე მნენიეში" აცხადებს, რომ მედვედევი და პუტინი მოროდიორობენ, როდესაც დიდი სამამულო ომის ვეტერანებსა და მათზე ზრუნვაზე საუბრობენ.
"55 ათას ადამიანს ჯერ კიდევ არა აქვს საცხოვრებელი. მისცენ მათ სახლი და ჩამოურიგონ 5-5 ათასი დოლარი. ათასჯერ მითქვამს, აუშენონ პატარა ლამაზი სახლები და დაასახლონ, გააკეთონ კარგი სანატორიუმები, მისცენ ბინები და გაუზარდონ პენსია 30-ჯერ", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია და დასძენს, რომ "მედვედევს თავი გამარჯვებული ჰგონია. მართალია, მან გაიმარჯვა კიდეც პატარა საქართველოზე, გაანადგურა და დაანაწევრა იქ ყველაფერი, მაგრამ ამაში თავის მოსაწონებელი არაფერია. ამიტომაც ამ ხალხის საუბრები ომზე, ომის მონაწილეებზე, ბრძოლასა და გამარჯვებებზე უბრალოდ მოროდიორობაა და სხვა არაფერი. ისინი ნამდვილი მოროდიორები არიან, ბრძოლის ველზე გავლას ცდილობენ, იმ ბრძოლის ველზე, სადაც მათ სისხლი არ დაუღვრიათ", _ აცხადებს ნოვოდვორკაია.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება დამნაშავეა იმაში, რომ ისინი მოროდიორობენ და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
"მათი მიზანი ერთია _ სახელმწიფო, რომელიც თავისი გრანიტით ყველაფერ ცოცხალს გაანადგურებს. გახსოვთ, როგორ თქვა მედვედევმა, რომ სასწავლო წიგნებში არ უნდა იყოს არავითარი დისკუსია იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ დაასრულა იგი. ახლა მოძებნიან ისტორიკოსებს, იპოვიან ჟურნალსიტებს და დაიწყებენ საუბარს ჩვენს დიდ გამათავისუფლებელ როლზე აღმოსავლეთ ევროპაში, მაშინ, როდესაც ჩვენ ჰიტლერული ჯარის მსგავსად მისი ოკუპაცია მოვახდინეთ", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.