მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე მანდატები ახლებურად გადანაწილდება. აღნიშნული ახალ „საარჩევნო კოდექსში“ ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ აისახა.
კერძოდ, კი ახალი “საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.
თუ ამ შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.
ამასთან, თუ თავდაპირველადვე გადაუნაწილებელი მანდატები დარჩა, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.
თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები