თბილისის მერიამ, მიკროავტობუსების ჩამოყვანის ტენდერით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული თარიღის დარღვევისთვის კომპანიები "თბილლაინი", "კაპიტალ გრუპი", "თბილ ქარი" და "კაპიტალ გრუპი" დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
"თბილისის მერია მოქმედებს კანონის სრული დაცვით, თითოეული ნებართვის მფლობელი კომპანია უკვე დაჯარიმებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ დაარღვიეს მიკროავტობუსების ჩამოყვანის გრაფიკი", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, კომპანიებს კანონით გათვალისწინებული დამატებითი დრო მიეცათ, რათა შემოიყვანონ ახალი მიკროავტობუსების დარჩენილი რაოდენობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ჯაბა სამუშიამაც გამართა, რომლის ინფორმაციითაც, კომპანიებს ჯარიმის სახით 1 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.