ეუთო-ს თავჯდომარისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების გზების გამონახვა წარმოადგენს
ეუთო ირლანდიის თავჯდომარეობის პერიოდში, ერთ-ერთ პრიორიტეტად წევრი ქვეყნების ტერიტორიული კონფლიქტების მოწესრიგებას მიიჩნევს. ამის შესახებ ეუთო-ს თავჯდომარემ, რომელიც ამავდროულად ირლანდიის პრემიერის მოადგილეცაა, იმონ გილმორმა განაცხადა. მან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თემაც გამოყო და განაცხადა, რომ ირლანდია მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიებს. მისი თქმით, ირლანდიისთვის ნაცნობია გაჭიანურებული კონფლიქტის პრობლემა და ეს გამოცდილება ამ ჯერზე შეიძლება სხვა ქვეყნებსაც გამოადგეს.
"როგორც თავჯდომარე შევეცდები ეუთო-ს წევრ ქვეყნებს შორის არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გზები გამოვნახო. მათ შორისაა მოლდოვაში დნესტრისპირეთის კონფლიქტი და საქართველოში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მე უკვე დავასახელე ორი საგანგებო წარმომადგენელი - ელჩები პედრაეგ მერფი და ერვან ფურე, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მრჩევლების მოვალეობას შეასრულებენ. მათი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს", - განაცხადა გილმორმა.