13 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჯაზსაღამო გაიმართება. ჯო ზავინულის "სინდიკატის" წევრები თბილისში კონცერტს გამართავენ.
როგორც ქართველმა პიანისტმა დინი ვირსალაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჯო ზავინულის "სინდიკატის" ცნობილი წარმომადგენლები ამიტ ჩატერჯი (Amit Chatterjee) და მისი ბენდი ALLIANCE მან ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. "ერთ-ერთმა ვეტერანმა მუსიკოსმა დაგვაკავშირა ერთმანეთს და ინტერნეტის საშუალებით შედგა ჩვენი გაცნობა. დღეს ჩამოდიან და 13-მდე რამდენიმე რეპეტიციას მოვასწრებთ, იმიტომ რომ მუსიკა, რომელიც ცალ-ცალკე ვისწავლეთ, ახლა უნდა შევაერთოთ. მძიმე იყო მოსამზადებელი პროცესი, რადგან ნოტები სოციალურ ქსელში გადავუგზავნეთ ერთმანეთს და ისე ვმუშაობდით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დინი ვირსალაძემ.
13 იანვარს პირველად თბილისში განხორციელდება სპეციალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯო ზავინულის "სინდიკატის" ცნობილი წარმომადგენელი ამიტ ჩატერჯი (Amit Chatterjee) და მისი ბენდი ALLIANCE. ქართველ ჯაზპიანისტ დინი ვირსალაძესთან ერთად მუსიკოსები სპეციალურად ქართული პუბლიკისთვის საათნახევრიან პროგრამას შეასრულებენ. ღონისძიების ფარგლებში "პორშეს" ახალი მოდელის პრეზენტაციაც მოეწყობა.