"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში "ქართველთა ერთობის ტრაქტატზე" მოაწერეს ხელი.
როგორც ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განუცხადა, პატრიარქის აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია და ტრაქტატში არსებული საკითხები პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხზედავად ყველას აერთიანებს.
"პატრიარქის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია სამოქალაქო და ეროვნული თვალსაზრისით და დროულია. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ეს თემები ყველას აერთიანებს. ამ ფიცით ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები, რომ ჩვენი ერის თავისუფლებისთვის და მიწა-წყლის ერთიანობისთვის ვიბრძოლებთ", _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ მრევლს "ქართველთა ერთობის ტრაქტატზე" ხელმოწერისკენ სვეტიცხოველში ქადაგებისას, 14 ოქტომბერს მოუწოდა.
"ერს უნდა ახსოვდეს, თუ რამ გადაარჩინა. ჩვენ გადაგვარჩინა ერთობამ, ერთსულოვნებამ. ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი დავით წინასწარმეტყველისა, თამარ მეფისა და სხვა ჩვენი წინაპრებისა. ჩვენ გვიცავს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინტელექტუალური ფასეულობა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და მუდამ ერთად ვიქნებით. 200 წლის წინ მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით იყო დაწერილი ტრაქტატი, რომელსაც ხელი თავადებმა და მოსახლეობამ მოაწერა. დღეს ვიწყებთ ხელმოწერას მეორე ტრაქტატის ფურცლებზე, სადაც გამოვხატავთ ჩვენს ერთობას, ერთსულოვნებას, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და მუდამ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პატრიარქმა.