საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ბანკ "ქართუს" ამოღებული ფული იმიტომ დაუბრუნდა, რომ ბანკს პრობლემები არ შეჰქმნოდა.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფულის დაბრუნება გამოძიების წარმართვას ხელს არ უშლის.
"გამოძიების დასრულების შემდეგ თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, გადარიცხული ფული უკან დაბრუნდება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
როგორც ცნობილია, თბილისის პროკურატურის განცხადებით, გასული წლის 18 ოქტომბერს ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაირიცხა ბანკი "ქართუს" ანგარიშზე, უნაღდო ანგარიშსწორების სახით.
"ამგვარი გადარიცხვა გამორიცხავს მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს. აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გამოძიება გრძელდება", - იუწყება თბილისის პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება). საქმეს იძიებს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო.