დღეს, 12 იანვარს, დიდი მიხეილ მესხის დაბადების დღეა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დიდი ფეხბურთელის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამოცხადდეს კონკურსი მიხეილ მესხის ძეგლის შესაქმნელად.
სფფ-ის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი დაიდგმება ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობისვე სტადიონზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოქანდაკეს. საკონკურსო პროცესის პირველ ეტაპზე, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევარი მაკეტის სახით, რომელთაგანაც საუკეთესო ნიმუშები გადავა მეორე ეტაპზე. პირველი ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვროს 2012 წლის 27 თებერვალი.
რაც შეეხება მეორე, ფინალურ ეტაპს, საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისა და შერჩევის პროცესი საჯარო იქნება.
მასალის გამოყენების პირობები