"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ეკატერინა ხვედელიძის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნა ირიბად აღიარებაა იმისა, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის დაბრუნების იმედი აღარა აქვს. ამის შესახებ "ქრიატიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძე ივანიშვილის მეუღლის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დასავლეთის პოლიტიკური სტანდარტებისთვის მისაღებია "პოლიტიკურ-ოჯახური ჯგუფების ჩამოყალიბება, მით უმეტეს, როდესაც მეუღლეს არ აქვს მოქალაქეობა".
"ეტყობა, ხვდებიან, რომ ივანიშვილს განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ მას მოქალაქეობას მისცემენ. ეს ნაბიჯი ამის ირიბად აღიარებაა. ამიტომ დროულად მიხვდნენ, რომ დრო ეწელებათ პარტიის შექმნისთვის. თუ მოხდა ისე, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინეს, ხვედელიძე ლიდერობას მეუღლეს დაუთმობს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
თუმცა დეპუტატისთვის რთულად წარმოსადგენია, როგორ აპირებს ხვედელიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ის ამ დებატებში.
"საქართველოში ქალს პატივს სცემენ, მაგრამ პოლიტიკური დებატების დროს ყველა თანასწორია, მიუხედავად გენდერული მდგომარეობისა. დებატების დროს პოლიტიკური ბრძოლაა და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ხვედელიძე, წინასწარ ძნელი სათქმელია", - მიაჩნია ვიცე-სპიკერს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსების შესახებ ინფორმაცია დღეს ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა გააჟღერა.