"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. ცაგარეიშვილის შეფასებით, ხვედელიძის გადაწყვეტილება ივანიშვილის გარშემო შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.
"პარტიისა და პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესი სწრაფად დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს კოალიციის ფორმირების პროცესიც", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულება ბათილად იქნა ცნობილი, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
"ივანიშვილისა და ხვედელიძის გამოჩენამ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმდენად მასობრივი ფსიქოზი დამართა, რომ მათი მხრიდან არც ამ ნაბიჯის გადადგმას გამოვრიცხავ", - მიაჩნია დეპუტატს.