საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სამოქალაქო რეესტრს, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად არსებული პრაქტიკით მაქსიმუმ 44 დღე აქვთ. ამის შესახებ "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
"დღეის მდგომარეობით რა პრაქტიკაც არსებობს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქისთვის ან უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მოქალაქეობის მიცემის საკითხში არის შემდეგი: თუ დაჩქარებული წესით მიმართავ სამოქალაქო რეესტრს, მას აქვს უფლება, რომ მაქსიმუმ 40 დღეში გასცეს დასკვნა, ხოლო ასევე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე პრეზიდენტი მაქსიმუმ 10 დღეში უკვე იძლევა საბოლოო გადაწყვეტილებას", - განმარტა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა მიმართა სამოქალაქო რეესტრს, რომ ივანიშვილს აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა. ქუცნაშვილის თქმით, სამოქალაქო რეესტრმა მოითხოვა დოკუმენტი საფრანგეთის საელჩოსგან, რომელიც დაადასტურებდა საფრანგეთის მთავრობის ურყევ პოზიციას ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით,
"საფრანგეთის მთავრობამ გამოაქვეყნა მორიგი წერილობით ცნობა, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 9 იანვრით, ამ ცნობაში წერია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა, რომელიც 97 წლის 6 ნოემბრის მოქალაქეობს შესახებ ევროპული კონვენციის წევრია, ბიძინა ივანიშვილს არ შეუწყვეტს მოქალაქეობას იქამდე, სანამ იგი არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას", - განაცხადა ქუცნაშვილმა.