დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დამისამართების პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საჯარო და სამოქალაქო რეესტრები თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობენ სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. გამართული სამისამართო სისტემა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.
„არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები არაერთხელ გამხდარა გაუგებრობის და დავის საგანი. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის ძველ უბნებში იყო (იტალირი ეზოების გამო), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა. აღიწერა ამ რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა. ძველი თბილისის ინვენტარიზაცია უკვე დასრულებულია. დასრულდა ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონის დამისამართებაც", - განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
2012 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
2012 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება თბილისის დამისამართების პროექტი. საჯარო რეესტრი, დედაქალაქის დამისამართების პარალელურად 2012 წელს საქართველოს სხვა დიდი ქალაქების დამისამართებასაც დაასრულებს (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი).
„მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართებას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს.
2012 წლისათვის დამისამართების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გეგმავს მოსახლეობის იდენტიფიცირებას მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებზე, როგორც თბილისში - ახლად შექმნილ მისამართებზე, ასევე რაიონებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში „ - განაცხადა სამოქალაქო რეესტრის მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ.
იუსტიციის სამინისტრო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, აქტიურად განახორციელებს დამისამართების კუთხით ყველა საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე იგეგმება ახალი მისამართების შექმნა და მათზე რეგისტრირებულ პირთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იდენტიფიცირება.
სამუშაოები შესასრულებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში და რაც საერთო ჯამში, 270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს.
სამისამართო სისტემის შექმნის პროექტის განხორციელებით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. სამისამართო ბაზა შეივსება სხვადასხვა მონაცემებით - ქუჩის მიმართულება, დასახელება, დასამისამართებელი ერთეულის დანიშნულება და ტიპი (მაგ.: საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კულტურული, სავაჭრო, საწარმოო თუ სხვ. შენობა), განისაზღვრება შენობის შიგნით ფართობების დანიშნულება (მაგ.: ლოჯია, სარდაფი, აივანი, სხვენი, სადარბაზო, ლიფტის შახტი, ავტოფარეხი, საოფისე-კომერციული ფართი და ა.შ.) ყველა კონკრეტულ ბინას მიებმება ინფორმაცია საკადასტრო კოდის, კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მობინადრეების და სხვათა შესახებ.