სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. გემი, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებიან, ხვალ კენიის ერთ-ერთ ქალაქში შევა.
გემს შეიარაღებული ბულგარელი სპეცრაზმელები აცილებენ. კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მეზღვაურებს სამედიცინო შემოწმება მაინც ჩაუტარდებათ. ეკიპაჟს იქ ექიმთა ჯგუფი ელოდება.
თბილისიდან კენიაში სპეციალური რეისით კომპანია "აირზენას" თვითმფრინავი გაფრინდება, რომლითაც მეზღვაურებს ბათუმში ჩამოიყვანენ. ქართველ მეზღვაურებთან ერთად, "ოლიბ ჯის" ეკიპაჟის თურქი წევრებიც იმყოფებიან, რომლებიც ასევე ქართული მხარის დახმარებით გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების დელეგაციას ადგილზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობს.
სომალის მხოლოდ იმ პორტში კი, სადაც "ოლიბ ჯი" ჰყავდათ დატყვევებული, სხვადასხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი შვიდი ტანკერი და 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.